ახალი სოციალური რეალობიდან გამომდინარე, უამრავი მიზეზი გაჩნდა არქიტექტურისა და ინტერერის დიზაინში ცვლილებების შესატანად, რაც ძირითადად სივრცის მაქსიმალურ დაზოგვასა და ამ სივრცეში მინიმალისტური გადაწყვეტილებების შეტანას გულისხმობს. მასკულტურის მომძლავრებასთან ერთად, ისტორიას ბარდება პომპეზურობა, ადგილი ეთმობა დიზაინის ისეთ კონცეფციებს, რაც ყველა სოციალური ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუ სასარგებლო და შედეგად ყალიბდება კონკრეტულად ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სტილი არქიტექტურასა და ინტერიერში.
თანამედროვე სტილი ინტერიერში ძირითადად სიმარტივით, დახვეწილობით, ფაქტურის გააზრებული გამოყენებით და სუფთა სილუეტით განისაზღვრება. ინტერიერი უფრო მეტად წარმოაჩენს არა ნივთებს, არამედ სივრცეს. სახლის თანამედროვე სტილში მოსაწყობად, რამდენიმე ძირითადი წესის გათვალისწინება მოგიწევს:
ა. ფორმის სიმარტივე და ლაკონურობა – კარგი ოსტატი ყოველთვის ცდილობს ზედმეტის მოცილებას თავის ხელოვნებაში. თანამედროვე დიზაინერებიც ასე იქცევიან: ფორმა არ უნდა ჩრდილავდეს კონტექსტს, იმიტომ რომ ყველაფერი გენიალური კვლავაც მარტივი რჩება.
ბ. ზომიერი ფუნქციონალიზმი – კარგ დიზაინში ფუნქციონალურობა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, მიუხედავად მისი ფორმისა. თუმცა, ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს სიმყუდროვის ხარჯზე. სწორედ ამიტომ – ფუნქციონალიზმიც ზომიერად საჭიროა.
გ. რამდენიმე სტილის შეთავსება – პოსტ-მოდერნიზმის ეპოქაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, იშვიათად თუ შეხვდები თავიდან ბოლომდე ერთ სტილში გამოწყობილ ინტერიერს. დიზაინერები სულ უფრო ხშირად აზავებენ სხვადასხვა სტილს, მათ შორის ისეთსაც, ერთი შეხედვით, საერთო რომ არაფერი აქვს სხვა დანარჩენთან.
დ. ბევრი სინათლე და რაც შეიძლება ღია სივრცე – ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბუზიემ “სივრცე, სინათლე და წესრიგი ადამიანს ისევე ჭირდება, როგორც საკვები და ძილი”-ო. თანამედროვე სტილშიც სწორედ ეს სამი ფაქტორი დაიცავი – მინიმალური ავეჯი, დეკორის ადგილას პანორამული ფანჯრები, საიდანაც სივრცე სინათლით ივსება, დაგეგმარება – სტუდიური.
ე. მასალისა და ავეჯის გაცნობიერებული შერჩევა – აქ უკვე თავს იჩენს ტრენდი მოხმარების ეკოლოგიურობაში: თავს არიდებ ზედემტ და უხარისხო ნივთებს, რომლებიც 2-3 წლის შემდეგ გადასაგდები იქნება, შესაბამისად გარემოსაც უფრთხილდები.
ვ. არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები და კანონები – როგორც ფერდინანდ პორშემ თქვა, ერთხელაც მივიხედე, ჩემი ოცნების ავტომობილი ვერსად ვერ შევნიშნე და გადავწყვიტე თავად შემექმნაო. თანამედროვე დიზაინში, მინიმალისტური ავეჯი შეიძლება თანაარსებობდეს თაბაშირის კლასიკურ ფორმებთან, ქანდაკებებთან და ანტიკურ სვეტებთან, აგურის ლოფტი – არტ დეკოს ელემენტებთან. შეგიძლია საკუთარი იდეები შენებურად გამოხატო. სწორედ ამაშია თანამედროვე ინტერიერების მთავარი უპირატესობა – შენს თავისუფლებაში!
თანამედროვე სტილის ინტერიერში გამოყენებული მასალების სრული კალეიდოსკოპის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ის კაცობრიობისთვის ცნობილ თითქმის ყველა მასალას მოიცავს: ყველანაირი პლასტმასა, მინა, ხე, საღებავი, ბეტონის ელემენტები, PVC კონსტრუქციები, ქვა და ლითონი. მთავარია, რომ მასალა შეესაბამებოდეს სტილის ფილოსოფიას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე სტილს მაინც აქვს საკუთარი “ფავორიტები”:
● მინა (განსაკუთრებით ჟურნალის მაგიდებისა და ტიხრებისთვის);
● თეთრი პრიალა პლასტიკა;
● ქრომი, ფოლადი და ალუმინი;
● მქრქალი საღებავი;
● ხავერდოვანი საღებავი.
თანამედროვე სტილს არ “ეშინია” თამამი ფერების. გამაც ისეთივე ფართოა, როგორც მასალის ასორტიმენტი. მხოლოდ ის გაითვალისწინე, რომ კაშკაშა, მკვეთრი ფერები (ძირითადი ფერები) გამოიყენება აქცენტებისთვის, ზონირების ეფექტის, ან ფოკუსური წერტილების შესაქმნელად. ამასთან, ნათელი ფერები რეკომენდირებულია საერთო ატმოსფეროს განზავებისა და მონოტონურობის გასანეიტრალებლად.
თანამედროვე სტილის არსი ფუქნციურ სიმყუდროვეშია, ხოლო მის მთელ ფილოსოფიას ყველაზე კომპაქტურად დიზაინერის, ჯონათან აივის აი, ასეთი აზრი დაიტევს: “ლამაზი ნივთი, რომელიც კარგად არ მუშაობს, უშნოა!”
თანამედროვე სტილი ინტერიერში საკმაოდ ტევადი კონცეფციაა, რომელიც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცის დიზაინის ყველაზე აქტუალური მხატვრული მიმდინარეობების მთელ სპექტრს მოიცავს. ეს ტენდენციები ეპოქასთან ერთად იცვლება და ინტერიერის დაგეგმარებაში, ფერთა გამასა და სტილისტურ გადაწყვეტილებებში აირეკლება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში თანამედროვედ მიიჩნეოდა მოდერნი, იგივე არ-ნუვო, დღესდღეობით კი შთაგონებად ეს სტილები გამოგადგება: სკანდინავიური, მინიმალიზმი, ტექნო, ჰაი-ტექი, ლოფტი, ფუჟენი და ეკო.
მინიმალიზმი და ჰაი-ტექი
ლოფტი
ფუჟენი
ეკო