გემოვნებაზე არ დაობენ.აბაზანის ფერზე რომ მიდის საუბარი ფორმირდება ორი ჯგუფი.ნახევარს მოსწონს ღია, თეთრი, კრემისფერი აბაზანა. ხოლო მეორე ნახევარს უფრო ხიბლავს მუქი, ნაცრისფერი, ანტრაციტის ფერი. რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით თქვენ?
ამ სტატიაში ვისაუბრებთ თითოეულ ვარიანტზე.
აბაზანა მუქ ფერებში. თავისებურებები:
მუქი ფერის აბაზანა არის არისტოკრატული, ძვირად გამოიყურება და ძალიან დახვეწილია. თუმცა გასათვალისწინებელია რომ მუქი აბაზანა ვიზუალურად ამცირებს ფართს ამიტომაც, თუ სველი წერტილი არ არის დიდი სასურველია ალტერნატივა ნახოთ.
მუქი ფერის აბაზანაში განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორად შერჩეული განათება გახდის სივრცეს უფრო ნათელს, ფართოსა და უფრო საინტერესოს. სინათლე შეიძლება იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი. მთავარია, რომ განათების წყარო იყოს რამოდენიმე. გამოიყენეთ დაშვებული სანათები, წერტილოვანი ნათება, ლედ განათება და სხვა. ამით აბაზანაში მიიღებთ საინტერესო ნათებას და აქცენტებს. ასევე მნიშვნელოვანია სწორად აირჩიოთ ნათების ტემპერატურა და ძალა.
ამ სტილის აბაზანებში საინტერესოდ გამოიყურება მუქი ფერის პრიალა ზედაპირების შეხამება მბზინავ ელემენტებთან, მაგალითად ქრომირებულ ელემენტებთან. ავეჯი და სანტექნიკა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ასევე მუქი ფერის ან პირიქით იყოს კონტრასტული – თეთრი. ხშირად მუქი ფერის აბაზანებში იყენებენ ქვის ფაქტურას, მუქ მარმარილოს, ცივი ტონალობის ბეტონს.
ტონალობა: თუ შავი თქვენთვის ძალიან დრამატულია, შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო ღია ვარიანტი, მაგალითად, ნახშირის, სველი ასფალტის ან ანტრაციტის ფერი. ასევე შეგიძლიათ ოთახის ინტერიერი შეამსუბუქოთ ღია ფერების – თეთრი, მარგალიტისფერი, ღია ნაცრისფერი, კრემისფერი ჩანართებით.
ინტერიერის სტილი: მუქი აბაზანები უფრო დამახასიათებელია შემდეგი სტილებისთვის: თანამედროვე, ლოფტი, ჰაი-ტეკი. თითქმის არ გამოიყენება კლასიკურ ინტერიერიში.მუქი სტილის აბაზანა არ უნდა დატვირთოთ პლასტმასის წვრილმანებით, ფერადი პირსახოცებით და სხვა. ამდაგვარი ელემენტები აბაზანის მთელ იერს აფუჭებენ.
აბაზანა ღია ფერში. თავისებურებები:
აბაზანის დიზაინი შესრულებული ღია ფერში ასევე ძალიან მოთხოვნადია. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ღია ფერი ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ხდის მას ორმაგად ნათელს. ღია ტონალობებს ხშირად იყენებენ პატარა ზომის სველ წერტილებში.ნათელ აბაზანას უხდება სხვადასხვა ფაქტურა: ხის ღია ფერები, თეთრი მარმარილოს ფილები და დიდი ფორმატის ტექსტურირებული ფილები.თუ ინტერიერში ჩართავთ კრემისფერ ან ღია შოკოლადის ფერებს, აბაზანა გახდება უფრო მყუდრო და კომფორტული. ხოლო ნაცრისფერი და შავი დეტალები ოთახს უფრო გრაფიკულს და კონტრასტულს გახდის. გარდა ამისა, თეთრ აბაზანას უხდება კონტრასტული ფერის ელემენტები. იქედან გამომდინარე რომ თეთრი ფერი ნეიტრალურია აქცენტად ნებისმიერი ფერის გამოყენება შეგიძლიათ. ამრიგად, ღია ფერის აბაზანის განახლება უფრო ადვილია. შეგიძლიათ მხოლოდ ხალიჩების, პირსახოცების და დეკორატიული ელემენტების შეცვლა. ოთახი მაშინვე ანათებს ახალი ფერებით. ღია ფერის აბაზანისთვის განათების სცენარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრემუქისთვის. აქ, გარდა მთავარი განათების წყაროსა, აუცილებელია გაითვალისწინოთ საღამოს განათება, ჩაბნელებული შუქით.
სტილი: ყველაზე ხშირად, ღია ფერის აბაზანების დიზაინი კეთდება თანამედროვე ან კლასიკურ სტილში. იმისათვის, რომ ოთახი არ იყოს მოსაწყენი, უმჯობესია სულ შავი ან სულ თეთრი სხვა ფერებითა და ტექსტურებით გააცოცხლოთ.ღია ფერის აბაზანებს უხდება ხის ფაქტურა, ოქროს ელემენტები, კრემისფერი და რძისფერი ტონალობები. მუქი ფერის აბაზანებს უხდება – სარკისებრი და ქრომირებული ზედაპირები. ხის, ბეტონის და ქვის ფაქტურები. გრაფიტის, მარგალიტის და ნაცრისფერი ფერები. ორივე სტილისთვის მნიშვნელოვანია განათების სწორი არჩევა. მთავარი განათების წყაროს გარდა უნდა იყოს აქცენტური განათებაც.თუ ვერ გადაწყვიტეთ ღია თუ მუქი აბაზანა გნებავთ, ამ ორი სტილის კომბინაცია იქნება შესანიშნავი ვარიანტი. ეს არის უნივერსალური ვარიანტი, რომელიც მოსწონს ორივე მხარეს.