სარემონტო კომპანია

ვარდისფერი გოგოს ხოლო ცისფერი ბიჭის ფერი – რატომ ასოცირდება ფერები სქესთან?!

თებერვალი 12, 2025

რატომ მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი ვარდისფერს გოგოს, ხოლო ცისფერს  ბიჭის ფერად?

საზოგადოების ნაწილისთვის დღეს ვარდისფერი სინაზესთან, ქალურობასთან , ხოლო ცისფერი მამაკაცურობასთან ასოცირდება. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. ეს ფერადი კოდები ისტორიაში შედარებით ახალია და ოდესღაც , მათი მნიშვნელობა საპირისპირო იყო. მოდით, გავიგოთ როგორ ჩამოყალიბდა აღნიშნული ტრადიცია და რა იყო მანამდე.

ისტორიული პერსპექტივა: რატომ ასოცირდებოდა ფერები სქესთან?!

მე-19 საუკუნის ბოლომდე ჩვილებისთვის ტანსაცმელი, მიუხედავად სქესისა, ძირითადად თეთრი იყო, რაც პრაქტიკულობით აიხსნებოდა. თეთრი ქსოვილის  დეზინფექცია და გათეთრება მარტივი იყო. საბავშვო მოდაში დიდი განსხვავება ბიჭებისა და გოგოების ტანსაცმელს შორის არ იყო: ორივე სქესის ჩვილები ერთნაირ სამოსს, მათ შორის, გრძელ კაბებს ატარებდნენ.

ბავშვთა ტანსაცმელში ფერების გამოყენებაზე რეკომენდაციები მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპასა და ამერიკაში გაჩნდა, თუმცა, იმ დროს ბიჭებისთვის ვარდისფერი, ხოლო გოგონებისთვის  ცისფერი უფრო შესაფერისად მიიჩნეოდა. აღნიშნული მიდგომა იმით იყო ახსნილი რომ ვარდისფერი წარმოიშვა წითლისგან: სიმამაცისა და ომის ფერისგან, მაშინ როცა ცისფერი, სინაზესა და სიწმინდესთან ასოცირდებოდა და ღვთისმშობლის სიმბოლოს წარმოადგენდა.

როდის და რატომ მოხდა ცვლილება?!

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ფერთა ასოციაციები შეიცვალა. მკვლევარები ამას  საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლების მარკეტინგულ სტრატეგიებს უკავშირებენ. 1940-იან წლებში აშშ-ში აქტიურად დაიწყეს იდეის გავრცელება, რომ ვარდისფერი გოგონებისთვისაა, ხოლო ცისფერი ბიჭებისთვის, რაც ხელს უწყობდა მეტი ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვას, რადგან ნივთები, “სპეციფიკური” თითოეული სქესისთვის ხდებოდა.

როგორ უყურებენ ფერებს დღეს?!

21-ე საუკუნეში ფერებთან დაკავშირებული საზღვრები კვლავ იშლება. სულ უფრო ხშირად ვხვდებით ვარდისფერში გამოწყობილ ბიჭებსა და ცისფერ ტანსაცმელში ჩაცმულ გოგონებს. მოდის ბრენდები აქცენტს გენდერულად ნეიტრალურ კოლექციებზე აკეთებენ, ხოლო ფსიქოლოგები და სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ფერად სტერეოტიპებს მეცნიერული დასაბუთება არ აქვთ.

ამრიგად, ფერების სიმბოლიკა მხოლოდ კულტურული კონსტრუქტია, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ის, რაც დღეს „ნორმად“ მიიჩნევა, წარსულში სრულიად სხვაგვარად აღიქმებოდა და მომავალში შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს.

Posted in Uncategorized
Call Now Button